ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შესახებ ლაპარაკობს და როგორც თავად ამბობს, ცდილობს, დეტალებზე საუბრის გარეშე მოქალაქეებს ვითარება აღუწეროს.
კაპანაძე წერს, რომ მას არ მოსწონს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების პირობა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა.
კაპანაძის თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე ვითარება შემდეგნაირია:
"ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა - პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა.
"ოცნებამ" ელჩებს უთხრა, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან, შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის.
ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის, ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ, და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, ქოცებს მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი. ანუ, ისევ 3 მოთხოვნა. 1. პოლიტპატიმრები. 2. არჩევნები. 3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით.
გუშინ მიდიოდა ამ დოკუმენტზე მუშაობა. ძირითადად, მე-3 პუნქტის (საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა) დეტალებზე.
ქოცები რომ ამბობენ, პროგრესიაო, გულისხმობენ, რომ ამ მე-3 პუნქტზე რაღაცებს თმობენ.
ოღონდ, ეგ პუნქტი იმიტომ არის მესამე, რომ პირველი და მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები.
ამ ორზე თუ არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის - ევროპული საქართველოსთვის.
მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ ოცნებასო, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო.
პლებისციტს რაც შეეხება: პლებისციტი არის არჩევნებამდე მისვლის გზა. თუ დანიშნავს ოცნება, მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების შეცვლის შემდეგ მიღებული ცესკოს მიერ უნდა მოხდეს პლებისციტის ადმინისტრირება. ესეც უპირობო მოთხოვნაა". - წერს კაპანაძე ფეისბუქზე.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა.
მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.
- შეთავაზებაზე, რომლის დოკუმენტიც ფორმულამ მოიპოვა, ვრცლად წაიკითხეთ აქ.
შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.